არჩევნები 2018

როგორ აკრიტიკებდა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შუა კვირაში დანიშვნას 2013-ში

ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების ხუთშაბათ დღეს დანიშვნას მკაცრად აკრიტიკებდა და მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით ის ქვეყანას არაფრად აგდებდა. ის ეჭვებს გამოთქვამდა სამუშაო დღეს საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის სამართლებრივ მხარეზე. ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებდა სამუშაო დღეს ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გართულებაზეც. საბოლოოდ, არჩევნები 2013 წელს არასამუშაო დღეს გაიმართა. 

"გასაგებია, რომ ქვეყანას არაფრად არ აგდებს ეს კაცი. ხუთშაბათი დღე დანიშნა. ახლა მე არ ჩავალ იურიდიულ მსჯელობებში. აქ ეჭვებია ძალიან ბევრი, რომ ეს იურიდიულად არ არის გამართული და არ ჰქონდა უფლება, საპრეზიდენტო არჩევნები ამ დღეს დაენიშნა. ეს ცალკე თემაა და მე არ გავჩერდები აქ, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ხუთშაბათი დღე და ბოლო დღე... გასაგებია, რომ ბოლო დღე მხოლოდ მას აინტერესებს, რომ გაიხანგრძლივოს საპრეზიდენტო თავისი ვადა. გარდა ამისა, შეიძლება, კაცმა ასე აჩვენო - თუნდაც ამ ერთ ქცევაში მთლიანად ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, მისი პატივისცემა მოვლენებისადმი, მისი დამოკიდებულება სირთულეებისადმი. მან მოახერხა, საპარლამენტო არჩევნების დროს, (2012 წელს), უარი ეთქვა ჩვენი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე. ახლა ხუთშაბათს არის დანიშნული, მილიონ ორასი ათასი ემიგრანტი გვყავს ჩვენ გარეთ, როგორ მოახერხებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. არაფერს არ უყურებს ეს კაცი და კარგად აჩვენა ამ ქცევითაც, გარდა პირადულისა, არავითარ ანგარიშს არ უწევს არაფერს. და ამ შემთხვევაში, ოღონდაც, საკუთარი ქცევით პირადულსაც აზარალებს და ენმ-საც.

ჩემთვის, აი, აღმაშფოთებელი იყო ის, რომ ბოლო დღე, ხუთშაბათი აირჩია. არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგისთვის გარდა იმისა, რომ კიდევ სამი დღით, ვთქვათ, დარჩება.

პრეზიდენტი უნდა მოვიდეს ქვეყნის სამსახურში, ისევე როგორც ნებისმიერი ჩინოვნიკი. ეს კაცი გამოკვეთილად ამტკიცებს მთელი მოღვაწეობის პროცესში, რომ საქართველოა მის სამსახურში. ეს ბოლო მისი გადაწყვეტილებაც სამტკიცი იყო ამისი. მარტო მისი იმპულსურობა, 27-ში გამოცხადება, იმის შემდგომ 31-ში შეცვლა და მისი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი აბსოლუტურად ამ ერთ ქცევაშია ჩამოყალიბებული. მთლიანად შეგიძლია ნახო მისი სახე ამ გადაწყვეტილებაში. როგორ შეიძლებოდა ხუთშაბათი დღე? აი, მარტო ამაზე ვაკეთებ აქცენტს და არ მინდა, კანონიერების შესატყვისობაზე გავაკეთო" - ამბობდა ივანიშვილი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ცესკო-ში გამართული სხდომისას მიიღეს.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა გაუჭირდებათ რეგიონებში რეგისტრირებულ და უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს. ამის გამო, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე შეძლებენ კენჭისყრაზე მისვლას.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და ცესკოს მოუწოდეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებაში წერია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კომენტარები