საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

სიმართლეა თუ არა წულუკიანის განცხადება, რომ წინა ხელისუფლებამ ICJ-ში რუსეთთან დავა წააგო

იმედი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლებამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი წააგო, რაც სარჩელის შემდგენლების, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების არაკომპეტენტურობის ბრალია. 

თეა წულუკიანმა იმედის ეთერში თქვა, რომ ამ დავის წარმოებაზე მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ დიდი თანხა დახარჯა და თუ ოპოზიცია მას პარლამენტში დაიბარებს, კითხვებს თავად დაუსვამს. 

"ჰააგაში ორი სასამართლოა. ერთში, სადაც საქმე რატომ არ შეაბრუნეთო, ამაზე ბევრს ლაპარაკობენ ჰააგაში - ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, სადაც თვითონ ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ლ აპრილს ეს დავა წააგო.

ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, გასაჩივრებას არც მაშინ ექვემდებარებოდა. 

ამ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოები დავობენ, პირველი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი იქნა უარყოფილი. ეს იყო საქართველოსთვის სამწუხარო მარცხი.

ჩვენი მთავრობა საქართველოს სახელით ჩიოდა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთი აწარმოებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმგვარ ქმედებებს, რომელიც შიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დებულებების დარღვევა, რაც მეც ასე მგონია, თქვენც და ყველას, რომ რუსეთი ამას აკეთებს. მაგრამ იმდენად არაკომპეტენტურად, ნაჩქარევად შედგენილი სარჩელი იყო, რომ პრაქტიკულად, რუსეთმა საქართველოს ეს საქმე, სამწუხაროდ, მოუგო. ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება.

2011 წლის პირველ აპრილს მე არ გახლდით ხელისუფლებაში მაშინ. მათ ეს დავა წააგეს.

როდესაც მე მივალ პარლამენტში, იქით მექნება კითხვები, როგორ მოხდა ეს. მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ამ დავის წარმოებაში ასტრონომიული თანხები დახარჯა, ქვითრებსაც წარვადგენ და აქეთ მჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ მოხდა ეს. შესაბრუნებლად რატომ გახადეს საქმე, ამაზე კითხვები მაქვს", - ამბობს თეა წულუკიანი. 

წულუკიანისვე თქმით, მან ახალი სტრატეგია შეიმუშავა - ის ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რათა გამოიყენოს, როგორც ახალი გარემოება, რომ ICJ-ში დავა "შეაბრუნოს"

"როგორ უნდა “შებრუნდეს” ეს საქმე? ჩვენ ავირჩიეთ ასეთი სტრატეგია - სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის დავაზე, დიდი იმედი მაქვს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთს, ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მას ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, მათ შორის არაკანონიერი რესურსიც გააჩნია და ყველა წესის დარღვევით ბრძოლაც შეუძლია.

სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა როგორმე შევატრიალოთ​და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. იმიტომ რომ, იმ გადაწყვეტილების, რომლითაც ნაციონალების მთავრობა ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

იურისტები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები კი წულუკიანს სიცრუეში სდებენ ბრალს.

თამარ თომაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა და საერთაშორისო სასამართლოებში დავების წარმოებაშიც მონაწილეობდა, ამბობს, რომ წულუკიანის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ICJ-ის საქმე არსებითაც არც განუხილავს, შესაბამისად, საქართველო ვერც დამარცხდებოდა.  

"გუშინ გაჟღერდა რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველომ წააგო საქმე რომელიც ეთნიკური წმენდის ფაქტს ეხებოდა. 2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოში საქმის დასაშვებობის საკითხს და სასამართლო არსებით განხივაზე არ გადასულა.

როგორც იურისტს, მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია.

სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • საქართველოს და რუსეთს შორის არსებობს დავა ეთნიკური წმენდის შესახებ 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით. 
  • ​სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა მთლიანად ამოწურული მოლაპარაკებების ეტაპი, სანამ მიმართა სასამართლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის უნდა მოეთხოვა ორმხრივი მოლაპარაკებების გზით (და არა მარტო ოფიციალური განცხადებებით) ეთნიკური წმენდის აღიარება. დამეთანხმებით, უშუალო საბრძოლო მოქმედებების დროს ეს ძალიან ძნელი იქნებოდა ქართული მხარისთვის.

შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად ქართულ მხარეს რა უნდა გაეკეთებინა:

  1. შეეთავაზებინა რუსეთის მხარისთვის მოლაპარაკებების წარმოება ორმხრივი შეხვედრის ფორმატში.
  2. შემდგომ რუსეთის პასუხიდან გამომდინარე ემოქმედა: თუ რუსეთი უარს განაცხადებდა მოლაპარაკებებზე, მაშინ სასამართლოსთვის რუსეთის ეს პასუხი წარედგინა და მოეთხოვა საქმის არსებითი განხილვა. ან, თუ რუსეთი დათანხმდებოდა ორმაგი მოლაპარაკებების ფორმატს, ეს მოლაპარაკება ჩაეტარებინა (რა თქმა ინდა, არავის არ აქვს ილუზია, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ეტაპზე აღიარებდა ეთნიკურ წმენდას), მაგრამ ეს პროცედურა ქართულ მხარეს უნდა გაევლო და შემდგომ უშედეგო მოლაპრაკებების შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის მიეწოდებინა და მოეთხოვა საქმის არსებითი განხილვა.

დამეთანხმებით, რომ საქართველომ ყოველთვის უნდა სცადოს ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვა და გამოყენება, რაც მას დაეხმარება თავისი პოზიციების გამყარებაში.

რა მოხდა:

  • 2012 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მხარეს გაეგზავნა არაერთი ნოტა და დაიწყო მოლაპარაკებების მოდალობების შეთავაზება, რათა საქართველოს ეს ფორმალური პროცედურა გაევლო. ეს პროცედურა ბოლომდე უნდა მიეყვანა ხელისუფლებას;
  • ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პროცედურული საკითხები არ დაყოვნდეს - იმისათვის რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ქართულ მხარეს დააბრალოს არაკეთილსინდისიერი მოქმედება და პროცესის დაყოვნება.

ოთარ კახიძე კი ამბობს: 

"თეა წულუკიანის უსირცხვილო ტყუილს მინდა გამოვეხმაურო, რომ თითქოს 2011 წელს საქართველომ წააგო რუსეთთან დავა ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

სინამდვილეში, სასამართლოს არ განუხილავს არსებითად საქმე, რადგან პროცედურულად მიიჩნია, რომ მხარეებს ჯერ უნდა ამოეწურათ ორმხრივი მოლაპარაკების შესაძლებლობა.

იმის საჩვენებლად, რომ მოლაპარაკების გონივრული რესურსი ამოწურული იყო, ჩვენ რუსეთს ვუგზავნიდით შესაბამის დიპლომატიურ ნოტებს, რის შემდეგაც უნდა განახლებულიყო საქმის განხილვა.

ქართულმა ოცნებამ და პირადად თეა წულუკიანმა ეს პროცესი შეაჩერა და ექვსი წლის განმავლობაში არც კი უცდია, რომ განეახლებინა დავა რუსეთის ფედერაციასთან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დავის ფარგლებში იყენებს რუსეთი სალომე ზურაბიშვილის ციტატებს საქართველოს წინააღმდეგ". 

კომენტარები