გრიგოლ ვაშაძე

ვაშაძე წულუკიანის და ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

გრიგოლ ვაშაძე ითხოვს, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადადგნენ. 

"ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მოთხოვნის საფუძვლად საერთაშორისო სასამართლოებში მათ მუშაობას ასახელებს. 

"რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ საქართველოს პროკურატურა 2012 წლამდე ძალ-ღონის დაუზოგავად იძიებდა იმ დანაშაულებს, რომლებიც შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა ჩაიდინეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. 

2013 წლიდან ეს მუშაობა შენელდა, სანამ 2015 წლის მარტში მინისტრმა წულუკიანმა არ შეატყობინა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ საქართველო წყვეტს გამოძიებას, რის შემდეგადაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ჩაერთო ამ საქმეში. 

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში - საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ.

თუ ამ საქმის განხილვისას ამჟამინდელი ხელისუფლება იქნება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე.

„ოცნებამ“ და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი: წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან, შეინარჩუნონ თავიანთი თავი ხელისუფლებაში და იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები. ამით მათ ფაქტობრივად ხელი შეუწყვეს მთელი საგამოძიებო პროცესის შემოტრიალებას საქართველოს საწინააღმდეგოდ.

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა დანაშაულებზე რაც მათ ჩაიდინეს და ამ მიზნით, რუსული ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყალბ მასალებს აძლევენ ჰააგის სასამართლოს. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები. და ეროვნული ღალატის სიმბოლოდ ქცეული განცხადებების ავტორი სალომე ზურაბიშვილი უნდა გადადგეს თანამდებობიდან", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა - იუსტიციის მინისტრმა 14 ნოემბერს იმედის ეთერში თქვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო ვერ გამტყუნდება და "შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა". 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში ასევე თქვა, რომ წინა ხელისუფლებამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი წააგო, რაც სარჩელის შემდგენლების, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების არაკომპეტენტურობის ბრალია. 

თუმცა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების თქმით, წულუკიანის ეს განცხადება სიცრუეა - საქართველოს ICJ-ში დავა არ წაუგია, ვინაიდან სასამართლოს საქმე არსებითად არც განუხილავს, ვინაიდან 2012 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მხარეს გაეგზავნა არაერთი ნოტა და დაიწყო მოლაპარაკებების მოდალობების შეთავაზება, რათა საქართველოს ეს ფორმალური პროცედურა გაევლო და ეს პროცედურა ბოლომდე ხელისუფლებას უნდა მიეყვანა. 

ამის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები