ადევნება

პირს, რომელმაც ქალს მუქარით ინტიმური ფოტოები გააგზავნინა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

0 კომენტარი

თბილისის სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, მან ქალის პირადი ცხოვრების დეტალები შეიტყო, შემდეგ კი ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით სოციალურ ქსელში ინტიმური ფოტოები გააგზავნინა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ.გ.-მ სოციალური ქსელის საშუალებით თ.ჩ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალები შეიტყო. ამ ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით ნ.გ.-მ სოციალური ქსელის მეშვეობით თ.ჩ-ს მისთვის საკუთარი ინტიმური ფოტოები გააგზავნინა და მათი გამჟღავნების მუქარით, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, სოციალური ქსელის და მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მუქარების და ზეწოლის ფონზე თ.ჩ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც რამდენიმე სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გააუქმა, რომლებსაც მანამდე აქტიურად იყენებდა და მისი ყოველდღიური ცხოვრების წესს წარმოადგენდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 30 აგვისტოს ქალაქ რუსთავში დააკავეს და პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას, ასევე ადევნებას გულისხმობს. ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ნ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყებაში არც დაზარალებულის და არც ბრალდებულის ასაკს არ აკონკრეტებენ. თუმცა, გოგო არასრულწლოვანი რომ იყოს, სავარაუდოდ, წარდგენილ ბრალდებაში ესეც იქნებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები