აფეთქება ფონიჭალაში

ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ბავშვიც იპოვეს

ზემო ფონიჭალაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი შვილის ცხედარიც იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 30 წლის ქალი და 1 წლამდე ბავშვი. 

ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე, ბუნებრივმა აირმა დღეს დილით გაჟონა. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა.

მესამე სართულზე მყოფი 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი ფილასთან ერთად ჩავარდნენ მეორე სართულზე. ისინი ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან.

მეორე სართულზე კი, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, დედა-შვილი იმყოფებოდა. მათი ცხედრები მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო, თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, გამოძიება გადაკვალიფიცირდება - ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე).

კომენტარები