აფეთქება ფონიჭალაში

ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დღესვე დაბინავდება

თბილისის მერია

დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის
დროებითი საცხოვრებელი ფართები მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან - თქვა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაზიანებულ კორპუსში მცხორები ოჯახები საჭირო სახსრებითა და დროებითი თავშესაფრით იქნებიან უზრუნველყოფილები - "მინდა გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არამარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი ქალაქის და ქვეყნის ტრაგედიაა. უკვე დასრულდა პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოები. რაც შეეხება ამ კორპუსში მცხოვრებ ოჯახებს, გამგეობა და დედაქალაქის მერია მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველას უზრუნველვყოფთ საჭირო სახსრებით, სასტუმროთი და რისი გაკეთებაც შესაძლებელია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ. 28 ოჯახთან შედგა კომუნიკაცია. მათთვის ნაპოვნია შესაბამისი ფართები, ოჯახის წევრებს მივცემთ საშუალებას, რომ გამოიტანონ პირადი ნივთები, დავაბინავებთ და არავინ დარჩება ყურადღების გარეშე", - ამბობს თბილისის მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე, ბუნებრივმა აირმა დღეს დილით გაჟონა. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა.

მესამე სართულზე მყოფი 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი ფილასთან ერთად ჩავარდნენ მეორე სართულზე. ისინი ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან.

მეორე სართულზე კი, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, დედა-შვილი იმყოფებოდა. მათი ცხედრები მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო, თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, გამოძიება გადაკვალიფიცირდება - ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე).

კომენტარები