აფეთქება ფონიჭალაში

"მათ სტაბილურობას ვინარჩუნებთ" - ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 44 წლის კაცს სხეულის 65%, მის 24 წლის შვილს - 55% და 6 წლის შვილიშვილს -12% აქვს დამწვარი.

"მათ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა, სამივე მათგანის დიაგნოზი არის საკმაოდ სერიოზული და საკმაოდ საშიში მათი ჯანმრთელობისთვის" - ამბობს ქაშიბაძე.

ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებული კორპუსის მესამე სართულზე, ბუნებრივმა აირმა გუშინ დილით გაჟონა. აფეთქების შედეგად, სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩავარდა.

მესამე სართულზე მყოფი 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი ფილასთან ერთად ჩავარდნენ მეორე სართულზე. ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მეორე სართულზე კი, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, დედა-შვილი იმყოფებოდა. 30 წლამდე ქალის და 8 თვის ჩვილის ცხედრები მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო, თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან რამე სხვა მძიმე შედეგი). მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, გამოძიება გადაკვალიფიცირდება - ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე)

კომენტარები