თბილისის ბიუჯეტი 2019

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 871 631 510 იქნება, ეს 2018 წლის ბიუჯეტზე 10 მლნ ლარით მეტია

თბილისის საკრებულო

წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შევიდა . 

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას ითვალისწინებს:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.

პროექტის მიხედვით, თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები:

"კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.

კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.

განათლების დაფინანსებას მომავალ წელს 159 მილიონი ლარი მოხმარდება, რომლითაც იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონით, ასევე თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება". 

ირაკლი ზარქუამ ასევე თქვა, რომ იზრდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები..

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ არ მოჰყვეს ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, ამ ხარჯებიდან მნიშვნელოვანი წილი 13 მილიონი ხმარდება ავტობუსების შეძენისთვის აღებული სესხის მომსახურებას. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც და პროექტით შეადგენს 86 მილიონ ლარს. ცალსახად  მინდა აღვნიშნო, რომ მატება არ ეხება არც მერის, არც მისი მოადგილეების, არც ერთი საქალაქო სამსახურის უფროსის და არც საკრებულოს წევრების ხელფასებს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. 

კომენტარები