2008 წლის აგვისტოს ომი

ბატაშვილი: ICC-ში ქართული მხარის ნებისმიერი წარმომადგენლის გამტყუნება კატასტროფული იქნება 

ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, დავით ბატაშვილის თქმით, თეა წულუკიანის განცხადება, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არა საქართველო, არამედ ცალკეული პირები გამტყუნდებიან, არის მცდელობა, წინასწარ შეამზადოს საზოგადოება იმ შემთხვევისთვის, თუ ქართული მხარის რომელიმე წარმომადგენელი​ ICC-ში ბრალდებული აღმოჩნდება. 

ბატაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარის ნებისმიერი წარმომადგენლის გამტყუნება რომელიმე სამხედრო დანაშაულში უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.  

"ეს არის თეა წულუკიანის მცდელობა, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან საქართველოს ინტერესები და ქართული მხარის სამხედრო თუ სამოქალაქო წარმომადგენელი ინდივიდების პოტენციური ბრალეულობის საკითხი.

სინამდვილეში, ქართული მხარის ნებისმიერი წარმომადგენლის გამტყუნება რომელიმე სამხედრო დანაშაულში იქნება უმძიმესი დიპლომატიური კატასტროფა ქართული სახელმწიფოსთვის. ეს იქნება იმის საქვეყნოდ დაფიქსირება, თითქოს რუსეთი ნაწილობრივ მაინც მართალი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

პოტენციური ბრალდებები ქართველების მიმართ ჰააგის სასამართლოში შეიძლება ეხებოდეს თავდასხმას რუს სამშვიდობოებზე ან მშვიდობიან მოსახლეობაზე. ორივე ეს ბრალდება გაამართლებს იმ casus belli-ის ​(ომის დაწყების საბაბის) ერთ-ერთ ელემენტს, რომელსაც მოსკოვი იყენებს თავის ოფიციალურ პოზიციაში საქართველოს წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.

თუ ასეთი რამ მოხდა, საქართველოს პოზიციები რუსეთთან დღესაც მიმდინარე კონფლიქტში და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს.

ამიტომ, თეა წულუკიანის მიერ ცალკეული საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნა ჰააგის სასამართლოს კონტექსტში არის რეალობის დამახინჯება, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მთავრობის მინისტრის მხრიდან", - უთხრა ბატაშვილმა ტაბულას. 

თეა წულუკიანმა 14 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა: 

"2 სასამართლოა ჰააგაში. ერთი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ქალბატონი ფატუ ბენსუდა, ყველას გვახსოვს, აქ იყო, არის პროკურორი. ამ სასამართლოში საქართველო არ არის და და ვერასდროს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომლებიც, შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს. თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. ანუ, აქ საქართველოს სახელმწიფო ვერასდროს იქნება მხარე ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა". 

წულუკიანის ამ განცხადებას 15 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ". 

ამ ყველაფერს კი დღეს, 16 ნოემბერს კახა კალაძის განცხადებები მოჰყვა - თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი "გაუაზრებლად თუ მოღალატეობრივად რუსის ჯარს საქართველოში შემოუძღვა, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა". 

კომენტარები