არჩევნები 2018

NGO-ები: ცესკომ კანონი დაარღვია იმით, რომ ემიგრანტები ხმის მიცემას 00:00-მდე შეძლებენ

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია. სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება - მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

"მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ იმ ამომრჩევლებსაც, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან.

"ისინი ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას. სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკოს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის.

"ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს თუმცა, ამ შემთხვევაში ცესკომ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი" - წერია საიას, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

კომენტარები