ვიტალი საფაროვი

ვიტალი საფაროვს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, სავარაუდოდ, ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით მოკლეს, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა.

საფაროვი საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა დააჯილდოვეს.

ჯილდო მის დედას ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.

25 წლის ვიტალი საფაროვი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, გამთენიისას, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. მას ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. გარდა ამისა, დაჭრეს მისი მეგობარიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი. ერთი მკვლელობის, ხოლო მეორე - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობდა. რამდენიმე კვირაში საფაროვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი სასჯელის სახით 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები