მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას მისი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ უწყების ბიუჯეტი გაიზარდა და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება.

ამის შესახებ პრემიერმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ მათ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას გამოვლენილი ვაჟკაცობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახსა და მთელს საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

"თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია", - მიმართა პრემიერმინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.

შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილიც დაესწრო.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პრემიერმინისტრის დავალების მიხედვით, 2022 წლის დასაწყისამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.

კომენტარები