კრიმინალი

გამოძალვა "კანონიერი ქურდის" სახელით, ცეცხლმოკიდებული ბოთლის სროლა - შსს-მ 1 ადამიანი დააკავა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ 1980 წელს დაბადებული ა.გ. წარსულში ნასამართლევია.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, სიცოცხლის მოსპობის, ცოლ-შვილის მოკვლის და ქონების განადგურების მუქარით, 3 000 ამერიკულ დოლარს სძალავდა. ა.გ. მოქალაქეს ე.წ. "კანონიერი ქურდის" - "გულის" სახელით ემუქრებოდა. დაზარალებულის დასაშინებლად ბრალდებულმა მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი და 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები