გიორგი ჭელიძე

ადვოკატთა ასოციაცია: სააპელაციო სასამართლომ ჭელიძის ადვოკატებს ჯარიმები გაუუქმა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომაზე მიღებული განკარგულებები ადვოკატების: ელგუჯა ჩხაიძის, გაიოზ ჩარკვიანის და ბესარიონ ბოჭორიშვილის დაჯარიმების შესახებ.

ეს ადვოკატები საქალაქო ფაშისტური ორგანიზაციის ლიდერის, გიორგი ჭელიძის ინტერესებს იცავდნენ. მოსამართლემ ერთი მათგანი 100, ხოლო 2 - 200-200 ლარით სასამართლოს უპატივცემულობისთვის 17 ოქტომბრის სხდომაზე დააჯარიმა. 

ადვოკატთა ასოციაცია წერს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში მართებულადაა აღნიშნული, რომ:

"ადვოკატების ქცევა ემსახურებოდა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის დასაბუთებისა და დაცვის მცდელობას და არ იყო მიმართული სასამართლოს ან/და პროცესის მონაწილის უპატივცემულობისკენ და წესრიგის დარღვევისკენ“. ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ისეთი მაღალი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის მქონე პირი, როგორიცაა მოსამართლე, არ უნდა იღებდეს ისეთ გაუცნობიერებელ გადაწყვეტილებას ადვოკატების დაჯარიმების შესახებ, რითაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელებას. ამით, სასამართლომ მიზანმიმართულად დაარღვია დაცვის მხარის უფლებები და მეტიც, მოახდინა ადვოკატების დისკრედიტაცია სასამართლო სხდომის დამსწრე პირების წინაშე. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულ ფაქტები გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსჯელობის საგანი, რათა მსგავსს აღარ ჰქონდეს ადგილი მომავალში, რაც ხელს შეუწყობს სამართალწარმოების პროცესში მხარეთა, მათ შორის, დაცვის მხარის უფლებების სრულ რეალიზებას და გამორიცხავს უფლებათა დარღვევისა და დისკრიმინაციის ალბათობას". 

ფაშისტური მოძრაობის, "საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 15-ზე მეტი ადვოკატი იცავს

ადვოკატების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჭელიძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ადვოკატ გოჩა ტყეშელაშვილის თქმით: 

"ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, რომ გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია. ამდენი ადვოკატი სააკაშვილის დასცავად არ მოვა”. 

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგულისხმობს.

ფაშისტური მოძრაობის ლიდერი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1-ლ სექტემბერს დააკავეს. 

შსს-ის ცნობით: 

"მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები".  

კომენტარები