დევი ჭანკოტაძე

იზორია: დევი ჭანკოტაძეს პოლიტიკური ჯგუფები ინსტრუმენტად იყენებენ

თავდაცვის მინისტრის თქმით, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი დევი ჭანკოტაძე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი. 

იზორიამ იმედის ეთერში თქვა, რომ სამხედრო და პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. 

"ჭანკოტაძე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ როგორც ინსტრუმენტი არის გამოყენებული. ამას მოწმობს მისი განცხადება, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის ტრიბუნალი, როგორც მან ბრძანა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას ეცდება, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჩვენ ვწუხვართ მის აქტიურობაზე, ის ბრძანებს, რომ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე აქტიურობს.

მოდით, გავმიჯნოთ პოლიტიკური ძალები და გავმიჯნოთ შეიარაღებული ძალები. პოლიტიკურ პროცესში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსიები. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ინტერესები წარმოვადგინოთ, ორგანიზებული, პარტიული სახით, მაგრამ როდესაც მიუკერძოებულობაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სახელმწიფო ინტერესისა და პარტიული ინტერესის გამიჯვნაზე. როდესაც ეს განცხადება ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეკლამის საფუძველი, ცხადია, ზღვარი დარღვეულია. მე დარწმუნებული ვარ, ის შეცდომაშია შეყვანილი“, – თქვა იზორიამ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, დევი ჭანკოტაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია და ჯარი მხოლოდ სამშობლოს იცავდა. გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ჭანკოტაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, "საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და ღირსეული უმაღლესი მთავარსარდალი".

ჭანკოტაძემ ამავე თემაზე 15 ნოემბერს რუსთავი 2-ზე ისაუბრა და თქვა, რომ "თუ საჭირო გახდა, საქართველოს ინტერესების დასაცავად ჰააგის ტრიბუნალზეც გავა და თავის სიტყვას იტყვის". 

იზორია სწორედ ჭანკოტაძის ამ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებაზე თავდაცვის უწყებამ განცხადება ადრეც გაავრცელა. უწყებამ მიუთითა, რომ:

"სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის". 

დევი ჭანკოტაძე 2000-2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასევე გენშტაბის უფროსის მოადგილე, 2009 წლის მარტიდან კი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. ის ამ პოსტს 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იკავებდა. 

კომენტარები