არჩევნები 2018

სასამართლომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ghn.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. "ძალა ერთობაშია" მეორე ტურის თარიღის შეცვლას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ შუა კვირაში კენჭისყრა მოქალაქეებს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს, არჩევნებში მონაწილეობას შეუზღუდავს.

მოსამართლის განმარტებით, კანონის მიხედვით, მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 14 დღეში, ამიტომ ცესკო-ს გადაწყვეტილებაში კანონდარღვევა არ არის.

"სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ეყო ძალმოსილება, რომ პასუხისმგებლობა აეღო და განემარტა საარჩევნო კოდექსის მუხლები იმდაგვარად, რომ უზრუნველეყო ამომრჩევლისთვის საყოველთაო პრინციპის რეალიზება და ყველა ამომრჩეველს, როგორც მცხოვრებს საქართველოში, ასევე, ფარგლებს გარეთ, მისცემოდა შესაძლებლობა თავისუფალი ნება გამოევლინა თავისუფალ საარჩევნო გარემოში", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოსამართლის დასაბუთება ჩაბარდებათ, შემდეგ იქნება კონსულტაციები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელიც არ დააკმაყოფილა და საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები