კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მოქალაქეს წლების განმავლობაში 180 000 ლარი გამოსძალა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, დახლოებით, 180 000 ლარია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც დაზარალებულს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა.

"გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

კომენტარები