კრიმინალი

პოლიციამ ორი ადამიანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი სახლის გაქურდვას ცდილობდნენ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს - 1959 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში კარის საკეტის გამღები ინსტრუმენტის - ე.წ. "ატმიჩკის" გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის 
მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები