არჩევნები 2018

ქართული ოცნების წევრები: ვაშაძემ წინასწარ შეიტყო ჩვენს პროგრამაზე და "დაგვასწრო"

რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების წევრების წევრების მტკიცებით, მმართველი გუნდი დიდი ხანია, "ჭარბვალიანობის შემცირებასთან" დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის, გრიგოლ ვაშაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მათთვის დასწრების მცდელობაა. 

მათი შეფასებით, ვაშაძის დღევანდელი ნაბიჯი იაფფასიანი პოლიტიკური პიარია. 

"დადგეს სცენა, თითქოს დღეს რაღაცას მოითხოვენ. იციან, ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ხვალ ძალიან სერიოზული ინიციატივა გახმოვანდება პრემიერის მიერ და ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს თუ რა ჩაატარეს, ნამდვილად ვერავინ ვერ მიხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, რუსი "პიარშიკების" ეს სვლა წარუმატებელია, ბუნებრივია. იმიტომ რომ თვეებია, მუშაობა მიდის იმაზე, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამიტომ, მათი პიარ სვლა პანიკურ სიტუაციაში ჩავარდნილებისაა. ხელის კანკალით გამოვიდა ე.წ კანდიდატი პრეზიდენტობისა - ვაშაძე და რაღაც მოთხოვნა დააყენა, ეს იყო ძალიან სასაცილოდ დღეს", - თქვა მამუკა მდინარაძემ

"წინასწარ გაარკვიეს, რომ ხვალ ასეთი რაღაცაა დაანონსებული და კვირას ავრალურ რეჟიმში მოახდინეს იაფფასიანი სპექტაკლის დადგმა რაღაც მოთხოვნებით მთავრობის მიმართ, რომ მერე თქვან, ჩვენ ეს მოვითხოვეთ და რაღაცა მოხდა. ჩვენი საზოგადოება ასეთი იაფფასიანი სპექტაკლების დამჯერი და აღმქმელი არამგონია რომ იყოს", - ამბობს აკაკი ზოიძე. 

დღეს, დაახლოებით 15 საათზე "ძალა ერთობაშიას" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგი ჩაატარა და ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. როგორც მან თქვა, საარჩევნო კამპანიის დროს დარწმუნდა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

17:00 საათზე ბრიფინგი გამართა კახა კალაძემ და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ბახტაძე "ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევაზე გადაწყვეტლებას გამოაცხადებს". მას პროგრამის დეტალებზე არ უსაუბრია. 

მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 19 ნოემბერს, დილის 10:00 საათზეა ჩანიშნული. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძე განცხადებას სწორედ ამ დროს გააკეთებს. 

კომენტარები