ყაჩაღობა

ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 9 და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ, ყაჩაღურად თავდასხმის მიზნით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს, რომელსაც მართავდა ზ.ჯ. და მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან’’ მიყვანაზე შეუთანხმდნენ. გზაში მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ მძღოლს ავტომანქანა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განთავსებულ ე.წ. დევნილთა საერთო საცხოვრებელთან გადაახვევინეს, მ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო, რის შემდეგაც მან და ი.ტ.-მ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს 40 ლარი, ავტომანქანის გასაღები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ." - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა მ.ჯ. და ი.ტ. 2018 წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. მ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ანჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო ი.ტ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.

კომენტარები