არჩევნები 2018

ზოიძე: არანაირი ტრანზაქცია არ ხდება ახლა, ხდება არჩევნების მერე, ეს არის მხოლოდ დაპირება

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის აკაკი ზოიძის თქმით, იურისტები შეაფასებენ, არის თუ არა ვალების განულების ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვა. ზოიძემ TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების ჩამოწერა "არჩევნების მერე მოხდება და ეს არის მხოლოდ დაპირება".

კითხვაზე, დაპირების გაცემა არჩევნების წინ ხომ მოსყიდვაა, დეპუტატი პასუხობს, რომ "ასე ვპირდებით ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამით, მთავრობაც პირდება ყველაფერს, რომ ამას გააკეთებს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში... იურისტები იმსჯელებენ ... ბოლო-ბოლო, სასამართლოში წავა, გვიჩივლეთ თუ 600 000 ადამიანის შავი სიიდან ამოყვანა და მათთვის უვალოდ ახალი წლის მოყვანა არის რაღაც წინასაარჩევნო დარღვევა".

აკაკი ზოიძის თქმით, ვალების განულება არის უდიდესი ნაბიჯი მოქალაქეების მიმართ სოლიდარობის და თანადგომის კუთხით.

"არანაირი ტრანზაქცია არ ხდება ახლა, ხდება არჩევნების მერე, ეს არის დაპირება, დანარჩენს იურისტები გაარჩევენ, თუმცა, მორალურად თუ სხვა ნებისმიერი განზომილებით, ჩემთვის ეს არის უდიდესი ნაბიჯი ჩვენი მოქალქეების სოლიდარობის და თანადგომის კუთხით და არ მაინტერესებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებია, დიდი ბოდიში რა. საარჩევნო ციკლია ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე, ე.ი, მაშინ სიკეთე ვეღარ გაგიკეთებია და ქვეყნის განვითარებისთვის ნაბიჯი ვეღარ გადაგიდგამს" - განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, 15-დან 31 დეკემბრამდე, დავალიანებები გაუნულდება. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა". დავალიანება ჩამოეწერება "შავ სიაში" მყოფ იმ ადამიანებს, რომელთა სესხის დარჩენილი ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამასთან, ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვივუსმა ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად, მის "შავ სიაში" მყოფ კლიენტებს დავალიანება არ გაუნულდებათ. მთავრობის ინფორმაციით, ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა დავალიანებას "ქართუ" გამოისყიდის და ამაში მილიარდნახევარს გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

კომენტარები