ლაშა ნაცვლიშვილი

შსს: ლაშა ნაცვლიშვილის საქმეზე პოლიციელების მიმართ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო

რუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ "სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში" ავტომობილის მართვის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება ინფორმაციას, რომ მიუხედავად არაერთი დარღვევისა, პატრულმა ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება მიიღო.

"ერთ-ერთ მედია საშუალებაში გუშინ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც მოქალაქის მიერ 2017 წლის ივლისში, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას ეხება, სიუჟეტის გასვლისთანავე დაიწყო სამსახურებრივი მოკვლევა. შემოწმების ფარგლებში, დადასტურების შემთხვევაში, დადგება შესაძლო სამართალდარღვევის ჩამდენი ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. შედეგების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს ვადებში ეცნობება", - აღნიშნავენ შსს-ში.

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ქართული ოცნების" პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ლაშა ნაცვლიშვილი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს. 

ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი 2017 წლის ივლისში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზეა გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ჩანს, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა. 

"გადაჭარბებული სიჩქარე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის არდამორჩილება, ავარიული ვითარების შექმნა, მანევრირების წესების დარღვევა, ალკოტესტზე შემოწმების თავის არიდება და ბოლოს გაშვება", - უთხრა რუსთავი 2-ს წყარომ, რომელმაც არხს მასალა მიაწოდა და რომელიც თავადაც პოლიციის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია. 

მიუხედავად ამ დარღვევებისა, რ2-ის ცნობით, პატრულს ნაცვლიშვილის გაშვების ბრძანება მიუვიდა. 

ფაქტს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანას მართავდა და მოძრაობის წესები დაარღვია, თავად ლაშა ნაცვლიშვილიც ადასტურებს. მისის თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

კომენტარები