ევროპული საქართველო

უგულავა: ევროპული საქართველოდან წასულებს, ეტყობოდათ სუს-ის კვალი და ოცნების დაწერილი ტექსტი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა, პარტიის აჭარის რაიონული ორგანიზაციიდან რამდენიმე წევრის წასვლის ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი ბრიფინგზე ქართული ოცნების მიერ დაწერილ ტექსტს კითხულობდნენ. უგულავას თქმით, იმ ადამიანებისთვის ვინც პარტია დატოვეს, ჯერ კიდევ 5 თვის წინ იყო ცნობილი, რომ ევროპული საქართველო მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდა. 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაულ თავართქილაძემ და ჩვენმა უკვე ყოფილმა რამდენიმე კოლეგამ დატოვეს ევროპული საქართველო. ძალიან სავალალოდ გამოიყურებოდა ის ბრიფინგი რაც მე ვნახე. ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები ასე უტიფრად იტყუებიან. ჩვენ ვნახეთ 5-ჯერ ჩაწერილი დუბლი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი შეშინებული და ნირწამხდარი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად ეტყობოდა სუს-ის კვალი და ეტყობოდა ქართული ოცნების მიერ დაწერილი ტექსტი. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ბრძოლაში, ბატონი რაულისთის, ისევე როგორც დანარჩენებისთვის, ძალიან კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ 5 თვის წინ, როდესაც ევროპულმა საქართველომ ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში ხელი მოაწერა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთათამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ავიღეთ ვალდებულება, რომ მეორე ტურში გასული კანდიდატისათის დაგვეჭირა მხარი. მეტიც, ბატონი თავართქილაძე პირველი ტურის დასრულების შემდეგ თავად მონაწილეობდა პოლიტსაბჭოს სხდომაში, სადაც პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს ამ გადაწყვეტილებას. მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ბატონი თავართქილაძე და სხვა წასულები ტავად მონაწილეობდნენ იმ ერთობლივ პროცესში, რასაც ქვია „ არა სალომე ზურაბიშვილს“. ამიტომ მის მიერ წაკითხული ტექსტი მეტყველებს მხოლოდ მასზე და მხოლოდ ქართულ ოცნებაზე, როგორ აფუჭებს, მორალურად, ზნეობრივად როგორ აფუჭებს ადამიანებს.  ქართულ ოცნებას უკვე ასდის შმორის სუნი, განსაკუთრებით ასეთი ქმედებების შემდეგ. ჩვენი პარტიისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლისაა და რაც არ გკლავს, ყველაფერი გაძლიერებს. მე დარწმუნებული ვარ ის ცვლილებები, რომელიც აქ აჭარაში ჩვენს პარტიაში განხორციელდება, მხოლოდ საერთო საქმეს დაეხმარება და საერთო საქმეში შეიტანს წვლილს." - თქვა უგულავამ.

გიგი უგულავა ასევე აღნიშნავს, რომ 2019 ან 2020 წელს საპარლამენტო არჩვენები უკვე პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, რათა არცერთი მთავრობა არ გავიდეს თავს და არ გახდეს გაბატონებული.

"ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ ლოგიკას - პირველი, არა სალომე ზურაბიშვილს! მეორე, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება ქვეყნისთვის ნიშნავს: საპარლამენტო პროპორციული არჩევნების გადმოტანას 2019 ან 2020 წელს. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი პოზიცია. ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, მაბაირამეთ 2024 წლამდე, მაჩუქეთ და მიმატაცებინეთ ძალაუფლება. ქართველი ხალხი ამბობს, რომ ძალაუფლებას ივანიშვილი ვერ მიიტაცებს. იმისთვის, რომ არც ერთი მთავრობა არ გავიდეს თავს და არ გახდეს გაბატონებული, არამედ იყოს მსახური ქვეყნის, არც ერთი მთავრობა არ გათავხედდეს, ისევე როგორც დღეს გვყავს გათავხედებული მთავრობა, საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რათა ძალაუფლებაში მოვიდნენ ისეთი პროპორციით პარტიები, რა პროპორციითაც მათ ხალხი უჭერს მხარს." - ამბობს უგულავა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველოს აჭარის რაიონული ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა, მათ მიზეზად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მხარდაჭერა დაასახელეს.

კომენტარები