ვალების განულება

ვაშაძე ვალების განულებაზე: ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი

გრიგოლ ვაშაძე

ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანება გაუნულდება

მისი თქმით, ყოველი წლის ბოლოს ბანკები უიმედო ვალებს ისედაც ჩამოწერენ და ამაში სახელმწიფო არ მონაწილეობს. 

"ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კი ცდილობს, ის რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. აი შარშან ჩამოწერეს, 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდ ნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი",- ამბობს გრიგოლ ვაშაძე. 

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეფორმებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გუშინ გამოვიდა და ხელისუფლებას მოუწოდა ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები გაუნულდება. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა". ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ბანკის ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არ შეისწავლის. უწყება ამას იმით ხსნის, რომ საუბარია დიდ თანხაზე და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

 

კომენტარები