არჩევნები 2018

სამსახურიდან გაშვების, ომის და დაპირისპირების მუქარა - ISFED ამომრჩეველზე ზეწოლაზე საუბრობს

ტაბულა

"სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ზეწოლა ხდება როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.

ISFED-ის თქმით, ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა, მმართველი პარტიისა და "დამოუკიდებელი" კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ.

"ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატურ შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან, რა დროსაც ისინი თანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.

ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა გუბერნატორების მერებთან შეხვედრები და შს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რასაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ზეწოლისა და ამომრჩევლებზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ ხასიათზე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, ISFED-ში აღნიშნავენ, რომ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულებისადმი სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას ჰქონდა ადგილი გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებშიც. ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, დაიწყება არეულობა და ომი და სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ.

"თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით ზეწოლა ხორციელდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. ეს ვალდებულება ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მათი აზრით სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებით და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა", - აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, გორის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნით, ეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს - სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია.

გარდა ამისა, ISFED-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმში, ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი "ქართული ოცნების" კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან.

"აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია, რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში", - ამბობენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს.

"საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიაყენოს",- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს:

  • საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს და მმართველი პარტიის ხელმძღვანელებს - ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და მოუწოდონ თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და საკუთარ მხარდამჭერებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა მცდელობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს - აღკვეთონ ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა დასაქმებული პირების მიმართ და მისცენ მათ შესაძლებლობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისუფლად განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება;
  • ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს - არანაირი ფორმით არ განახორციელონ ზეწოლა დასაქმებულ პირებზე და აღკვეთონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების იძულებით ჩამორთმევა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს;
  • მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს - უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე და ამომრჩევლის ზეწოლაში თანამონაწილეობაზე.

კომენტარები