ვალების განულება

NGO-ები: ვალების ჩამოწერის ინიციატივა ამომრჩეველთა უპრეცენდენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვაა

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვით 600 000 ამომრჩეველს ვალები გაუნულდება.

NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ეს სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევენ, რომ ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

"ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ. საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსის" თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით". აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

NGO-ები ასევე ამბობენ, რომ მართალია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, "ქართუ" ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება.

გარდა ამისა, ორგანიზაციები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

"შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ "ქართუ" ჯგუფის მიერ მსგავსი მასშტაბის და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან", - აღნიშნავენ NGO-ები.

​მათივე თქმით, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა, თუ რა მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტთან ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, 1.5 მილიარდის ვალდებულებების კომერციული ბანკებიდან 100 მილიონად შესყიდვის გარიგება, შესაძლოა, დამატებით ეჭვებს იწვევდეს საბანკო და საფინანსო ბიზნესის მონაწილეებზე სახელმწიფოს მხრიდან არაკეთილსინდისიერ გავლენებზე.

"ფაქტია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ჩნდება კითხვა, თუ რამდენად იქნებოდა ეს შესაძლებელი ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდი "ქართუს" ნაცვლად სხვა პირი რომ ყოფილიყო", - აღნიშნავენ NGO-ები.

მათ მიაჩნიათ, რომ ვალების განულების ინიციატივა კანონმდებლობის მასშტაბურ და უპრეცენდენტო დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს. გარდა ამისა, მათი აზრით, ის, ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

"პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი მოუწოდებენ:

  • ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშავოს;
  • ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან;
  • საქართველოს პროკურატურას დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ხელს აწერენ: "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

----

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. მისი თქმით, "ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებებისას", როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა "სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა".

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კი, დაახლოებით მილიარდნახევარლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის, ფონდი ქართუ ფარავს. 

"ძირი და ჯარიმები, ყველაფერი არის მილიარდნახევარ ლარამდე და ამ თანხას სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი ქართუ. ყველანაირი სპეკულაცია, რომ ბიუჯეტის გადამხდელის ფულით, ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით მაინც ხდება იმის სესხის გადახდა, ვინც არ გადაიხადა, არის სპეკულაციები. " - თქვა მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები