თბილისის საკრებულო

ქრთამის აღება შეწყალების სანაცვლოდ - "ოცნების" დეპუტატს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ქართული ოცნება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის საკრებულოს 
ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, თემურ გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი მის დაკავებას სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს უკავშირებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

"სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს" - აცხადებს სუს-ი და საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებას - ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს.

თემურ გორგაძე თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იქამდე, ის ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარის ბექა ოდიშარიას ოფისის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები