საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კომენტარები ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ

0 კომენტარი
ფოტო: GFF.GE

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის გოლებით ყაზახეთი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნების" ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

გურამ კაშია: "მიხარია, რომ გულშემატკივრები კმაყოფილები არიან. ბევრს ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში ადვილი ჰგონია, მაგრამ ასე არაა. ჯგუფის ყველა შეხვედრაში მეტოქეებმა დაცვითი ტაქტიკები დაგვიპირისპირეს. ასეთ დროს, გოლის გატანა ნამდვილად რთულია.

ასეთ ატმოსფეროში თამაში დიდი ბედნიერება იყო. ასეთ გარემოში წაგება თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის ნიჭიერი და პროფესიონალი ფეხბურთელია. იმედია, ასეთად დარჩება".

გიორგი ლორია: "ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ და გამარჯვებამ გაგვახარა. ანდორასთან ისეთი შეცდომა დავუშვი, რომ არც კი ვიცოდი, მწვრთნელები მენდობოდნენ თუ არა. მათ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. იმედია, მათი იმედი გავამართლე. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მოედანზე საოცარი ატმოსფერო იყო".

გიორგი მერებაშვილი: "გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მათ მხარდაჭერას მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით. გოლის აღნიშვნა ჩემს კრიტიკოსებს ეძღვნებოდათ. მათგან უარყოფითი კომენტარები ხშირად მხვდებოდა. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა ნაკრების წევრი. მიხარია, რომ დღეს ვაისის იმედები გავამართლე".

საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ოთხ გამარჯვებულს შორის დაგროვილი 16 ქულით, გატანილი 12 და გაშვებული 2 გოლით საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა და ერთა ლიგის ნახევარფინალის საშინაო არენაზე ჩატარების უფლება მოიპოვა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები