ვალების განულება

ბახტაძე ვალების განულებაზე: ოპოზიციას სურდა, ჩვენი ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების იდეა მათ ეკუთვნით, ღიმილისმომგვრელია. 

ბახტაძე ამბობს, რომ ოპოზიციას მთავრობის ინიციატივის მათ იდეად გაფორმება სურს, თუმცა აღნიშნულს არანაირი არგუმენტაცია არ გააჩნია და ჭარბვალიანობასთან ბრძოლა მაშინ დაანონსა, როცა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი იყო.

"რაც დაიდგა კვირას ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის ღიმილის მომგვრელი. მათ სურდათ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ, რომ ეს ინიციატივა გაფორმებულიყო მათ იდეად. შესაბამისად ამ მოსაზრებას არანაირი რეალური არგუმენტაცია არ აქვს"- ამბობს პრემიერი.

ბახტაძე არასმთავროებების შეფასებაზე, რომ ეს ახალი ინიციატივა წინასაარჩევნო მოსყიდვაა ის ამბობს, რომ არჩევნები ტარდება დემოკრატიულ გარემოში და კანონდარღვევას მკაცრი პასუხი მოყვება.

"2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ტარდება თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. ბუნებრივია ნებისმიერ დარღვევაზე თუ ხარვეზზე რეაგირება უნდა იყოს ძალიან მკაცრი",- თქვა მან.

18 ნოემბერს "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. ვაშაძის განცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და თქვა, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს პრემიერი ინიციატივას წარადგენდა და მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 

გუშინ, 19 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს

აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახური ბანკის ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას არ შეისწავლის. უწყება ამას იმით ხსნის, რომ საუბარია დიდ თანხაზე და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

კომენტარები