ბრაზილია

ბოლსონარო კომუნიზმზე: ბრაზილიელებმა არ იციან რა არის ნამდვილი დიქტატურა

ჟაირ ბოლსონარო
Reuters

ბრაზილიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ვიქტორ ორბანთან.

საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა რომ "უნგრეთი არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში ბევრი ტანჯვა გადაიტანა კომუნიზმის გამო და მისმა ხალხმა იცის, რა არის დიქტატურა."

"ბრაზილიელმა ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რა არის დიქტატურა, არ იციან როგორია ტანჯვა ამ ადამიანების ხელით." თქვა მან.

ორბანის მკვეთრად ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკაზე და 2015 წელს მიგრანტებისათვის უნგრეთის საზღვრების დახურვაზე გაკეთებულ კომენტარში ბოლსონარო ბრაზილიაში ამ მხრივ არსებულ სიტუაციას შეეხო:

"2017 წელს მე ჩვენს ბოლო საიმიგრაციო კანონს ვეწინააღმდეგებოდი, რომელმაც ბრაზილია საზღვრების გარეშე დატოვა. ჩვენ ვერ დავუშვებთ განურჩევლად ყველას შემოშვებას, ვინც აქ მოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსვლა უნდათ."

გასულ წელს ბრაზილიის საზღვარი ათასობით ვენესუელელმა მიგრანტმა გადაკვეთა, თუმცა სასაზღვრო რეგონებში მოსახლეობის მხრიდან პროტესტის და მიგრანტთა ბანაკებზე თავდასხმების შემდეგ ბევრი მათგანი უკან დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 1964-1985 წლებში ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურა იყო დამყარებული, რომელსაც მედიასა და კულტურაზე მკაცრი ცენზურა ჰქონდა დაწესებული და 2014 წლის სამთავრობო კომისიის ანგარიშის მიხედვით 400 მეტი ადამიანი მოკლეს ან გაქრა, ხოლო რამდენიმე ასეული წამების მსხვერპლი გახდა.

ბოლსონარო წარსულში საკუთარ სიმპატიებს გამოხატავდა სამხედრო დიქტატურული რეჟიმისადმი. 63 წლის ყოფილი სამხედრო კაპიტანი 1980 წლიდან სამხედროების უფლებებს იცავს. ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას პირველი იანვრიდან შეუდგება.

კომენტარები