ვენესუელა

აშშ ვენესუელას ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანას განიხილავს

Reuters

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ვენესუელას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანას განიხილავს.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში მოხვედრის შემთხვევაში ვენესუელას ფინანსური შეზღუდვები დაუწესდება, მათ შორის შეიზღუდება აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური დახმარებაც.

მარკო რუბიომ და კიდევ ორმა სერპუბლიკელმა სენატორმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიმდინარე წლის სექტემბერში წერილი მისწერეს, რომელშიც ლიბანურ ჰეზბოლასთან და კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან (FARC) კავშირის გამო ვენესუელას ტერორიზმის სპონსორების სიაში შეყვანა მოითხოვეს, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

ამჟამად ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში არიან ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სუდანი და სირია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ცოლს, სილია ფლორესს და მის ახლო მოკავშირეებს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები მადუროს ახლო წრის 6 წარმომადგენელს შეეხება, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს და თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოს. სანქციების შედეგად აშშ-ში მათი ანგარიშები გაიყინება და ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.

გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ტრამპმა ქვეყნებს მოუწოდა ერთად მოახდინონ ვენესუელაზე ზეწოლა, რათა ის დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნდეს:

"არც ისე დიდი ხნის წინ ვენესუელა დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო. დღეს, სოციალიზმმა ნავთობით მდიდარი სახელმწიფო გააკოტრა და ხალხი სიღატაკეში ჩააგდო. თითქმის ყველგან უცდიათ სოციალიზმი ან კომუნიზმი. მას ტანჯვა, კორუფცია და გახრწნა მოაქვს. სოციალიზმის ძალაუფლებისადმი წყურვილს ექსპანსიისა და რეპრესიისაკენ მივყავართ. ყველა ქვეყანამ უნდა თქვას უარი სოციალიზმზე და იმ უბედურებაზე, რაც მას მოაქვს. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ აქ შეკრებილ ქვეყნებს შემოგვიერთდნენ ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენის მოწოდებაში. დღეს ჩვენ ვაანონსებთ დამატებით სანქციებს რეპრესიული რეჟიმისათვის, რომელის სამიზნეს მადუროს შიდა წრე და ახლო მრჩევლები წარმოადგენენ."

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

2017 წელს ვენესუელა 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა (პერუ, კოლუმბია, პარაგვაი, ჩილე, არგენტინა) და კანადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო ვენესუელას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

კომენტარები