არჩევნები 2018

ზეწოლა, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ISFED საარჩევნო გარემოს აფასებს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში წერია, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველთან შედარებით კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება და გაზრდილია აგრესიული რიტორიკა. არასამთავრობო ორგანიზაცია შემაშფოთებელს უწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო დაპირისპირების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმმა კანდიდატმა. პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას.“ - წერია ანგარიშში.

სამოქალაქო სექტორი ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე. როგორც ანგარიშში წერია, დაფიქსირებულია ზეწოლისა და მუქარის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, კამპანიაში ხელის შეშლის და სხვა დარღვევების ფაქტები.

„ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ფიზიკური დაპირისპირების 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა. ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა. ISFED-ის ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატიურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამსხურიდან გათავისუფლების მოთხოვნას. აღნიშნული ფაქტები გარდა ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარისა, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით ხორციელდება. საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიის მიმდინარეობისას.„ - წერია ანგარიშში.

ISFED-სათვის ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვის სახე აქვს პრემიერის ახალ ინიციაიტივას ვალების განულების შესახებ. სამოქალაქო სექტორი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს და წერს, რომ ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ.

„მასშტაბური სახე აქვს საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებს, რომლებიც მიზნად კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტების დაანონსება არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უკავშირდება და მათი მიზანი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაა, რაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს.  მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას გააქტიურდა 5 საზოგადოებრივი მოძრაობა რომელთა მიზანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის შემცველი კამპანიის წარმოება წარმოადგენს, რაც აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულობის განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. მოძრაობის წევრებს გააჩნიათ საარჩევნო მიზნები, კერძოდ, იკვეთება პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის განზრახვა, რისთვისაც იყენებენ შესაბამის ფინანსურ რესურსებს და გასწევენ მომსახურებას, რაც გამოიხატება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ღია მხარდაჭერაში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებაში.“ - წერია ანგარიშში.

ISFED-მა საარჩევნო გაერმოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა:

  • ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ უნდა გაემიჯნონ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას
  • გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ახალი მასშტაბური ინიციატივებისა და პროექტების დაანონსებისგან
  • სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზე
  • პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო კამპანიაში მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, არ უნდა დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული რიტორიკა; 
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა და იძულების პრაქტიკა, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში

დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები