არჩევნები 2018

3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მთავარ პროკურატურაში გამოკითხავენ

საქართველოს პროკურატურა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე და საიას აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი საგამოძიებო უწყებაში მათ მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შესახებ გამოიკითხებიან - საქმე არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხება. 

როგორც გუგაურმა, ბენიძემ და პავლიაშვილმა გუშინ თქვეს, მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. ამ საქმეზე საგანგებო თათბირიც ჩატარდა. 

როგორც მათ თქვეს, წყაროს ცნობით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

არასამთავრობოების ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება). 

ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არ არიან ვალდებულები, პროკურატურას წყაროს ვინაობა გაუმხილონ. 

"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავალება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაებეჭდათ ყალბი პირადობის მოწმობები. რა ტიპის პირადობის მოწმობები, არის თუ არა ეს ყველაფერი მასიური ხასიათის, ეს ინფორმაცია ჩვენ არ გაგვიჟღერებია არც განცხადებაში, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ორ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს განცხადებაში გავაჟღერეთ, ეს იყო წალენჯიხა და გარდაბანი, დანარჩენ ადგილებში რა ხდებოდა, არ ვიცით. საუბარი იყო, რომ ძველი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა შესაძლებელია რეგიონებში, ჩვენ ჩვენს განცხადებაში არ დაგვიკონკრეტებია, რა ტიპის პირადობებს გასცემენ, აქედან გამომდინარე, დასაშვებია ის, რომ რეგიონებში დაიბეჭდოს ძველი პირადობის მოწმობები, ეს დამტკიცდა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ", - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძეც არიან დაბარებულები. 

კომენტარები