ეროვნული უშიშროების საბჭო

პრეზიდენტი: ვწუხვარ, რომ უშიშროების საბჭოს შემცვლელი სტრუქტურა ჯერაც არ შექმნილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა. 

ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა, რაც 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთხელ მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. 

"პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ, განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის დაუშვებელია არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციების და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობის პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნებრივია, როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება. 

ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ თემის მიმართ და ეს საკითხი რჩება ღია", - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარსულში თქვა, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციის სიმახინჯეა", მისი გაუქმებით კი ეს "სიმახინჯე სწორდება".  

კომენტარები