საუდის არაბეთი

Amnesty International: საუდის არაბეთის ციხეებში ადამიანის უფლებათა აქტივისტებს აწამებენ

0 კომენტარი
ფოტო: AP

საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის მიხედვით მიმდინარე წლის მაისის შემდეგ საუდის არაბეთში დაკავებულ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, მათ შორის იმ ქალებს, რომლებიც მანქანის მართვის უფლებას მოითხოვდნენ, ციხეებში აწამებენ.

დაკავებულია სულ მცირე 10 ქალი და 7 მამაკაცი. ორანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით მათ ელექტროშოკით აწამებენ და სცემენ, ხოლო ქალებზე სექსუალურად ძალადობენ. ერთ-ერთმა ქალმა ციხეში თვითმკვლელობა რამდენიმეჯერ სცადა.

ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის ოჯახი ყვება, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სწავლობდა, თუმცა საუდის არაბეთში იძულებით დააბრუნეს, მისი მეუღლე აიძულეს დაშორებოდა მას და დაკავების შემდეგ ის იზოლატორში 3 თვის მანძილზე ჰყავდათ გამოკეტილი.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის ტახტის ახალმა მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა სამეფოში რეფორმები წამოიწყო. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მინიჭება. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაკავება, მათ შორის მათი, ვინც წლების მანძილზე ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მიცემისათვის იბრძოდნენ.

დაკავებულთა შორის არის სამოქალაქო და ქალთა უფლებების დამცველი სამარ ბადავი, რომელსაც 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ათწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბადავის ძმასაც, რომელიც საკუთარ ბლოგზე ქვეყნის სასულიერო პირების გაკრიტიკების გამო საჯაროდაც გაამათრახეს.

ამჟამად ადამიანის უფლებათა 5 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ერთ-ერთი მათგანი ქალია, და იმ შემთხვევაში, თუ მას სასჯელის უმაღლეს ზომას მიუსჯიან, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, ვისაც სიკვდილით დასჯა ამ მიზეზით გასამართლების შემდეგ მიესაჯა. Human Rights Watch-ის მიხედვით შიიტი აქტივისტი ქალი და მისი მეუღლე 2015 წელს ტერორიზმში დაადანაშაულეს, თუმცა ისინი მხოლოდ მშვიდობიან აქტივიზმში იყვნენ ჩართული და ძალადობრივ ქმედებებში არ არიან შემჩნეული.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები საუდის არაბეთის ციხეებში წამების შესახებ საუბრობენ. მიმდინარე თვის დასაწყისში New Khaleej-ის და Middle East Monitor-ი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ საუდელი ჟურნალისტი და მწერალი, თურქი ბინ აბდულაზიზ ალ-ჯასერი ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა.

საუდის არაბეთმა უკვე აღიარა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე უარყოფ სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ტახტის მემკვიდრის მონაწილეობას. მკვლელობასთან კავშირში საუდის არაბეთმა სულ 21 ადამიანი დააკავა და 6 თანამდებობიდან გაათავისუფლა. დაკავებულებიდან 5 პირს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები