სამხრეთ კორეა

დუმილის დღე - გამოცდები სამხრეთ კორეაში

გასულ სამშაბათს, ადგილობრივი დროით 08:40 საათზე, მთელ სამხრეთ კორეაში ნახევარ მილიონზე მეტი სტუდენტი აბარებდა გამოცდას, რომლისთვისაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ემზადებოდნენ.

ინტელექტუალური შესაძლებლობების ტესტს (CSAT) კორეაში სუნუნი ეწოდება. გამოცდა 8 საათს გრძელდება და გავლენას ახდენს არამარტო იმაზე, რომელ უნივერსიტეტში ისწავლის მოსწავლე, არამედ მის მომავალ სამუშაოებსა და ურთიერთობებზე. 

18 წლის იუნ სუჰმა, რომელმაც ტესტი პირველად დაწერა, თქვა:

"ჩვენთვის, სუნუნი უმნიშვნელოვანესი გზაა მომავლისთვის. კორეაში უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან მნიშვნელოვანია. 12 წელი ამ დღისთვის ვემზადებოდი. ვიცნობ ადამიანებს, ვინც მეხუთედ აბარებს". 

გამოცდების დღეს "დუმილის დღე" შეიძლება ეწოდოს. სეულში ბანკები და მაღაზიები იკეტება, საფონდო ბაზარიც კი გვიან იხსნება. 

მშობლები, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ, მთელ დღეს ბუდისტურ ან ქრისტიანულ სამლოცველოებში ატარებენ. 

20 წლის ლი ჯინ იეონს სუნუნის ორჯერ ჩაბარება მოუწია, სანამ უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა.

"გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე 6 საათზე გაღვიძებაზე ვვარჯიშობდი, რათა გამოცდების დღეს ჩემს ტვინს კარგად ემუშავა. ჩემს თავს ვუმეორებდი - "ძალიან ბევრს შრომობდი, კარგად ისწავლე, ახლა უბრალოდ მათ უნდა აჩვენო შესაძლებლობები", - ამბობს ის. 

ლი ჯინ იეონი წინა წლის გამოცდებს იხსენებს, როდესაც 07:30 საათზე სკოლის კართან იდგა, გარშემო ხალხი მღეროდა, საუბრობდა და ტკბილეულს მიირთმევდა, ხოლო გამოცდაზე ეს განწყობა სრულიად შეიცვალა და დუმილმა დაისადგურა.

საგამოცდო ოთახის შესასვლელთან ინსპექტორები მეტალის დეტექტორებით იდგნენ და სტუდენტებს არ აძლევდნენ ციფრული საათების, ტელეფონების და ჩანთების შეტანის უფლებას.

"ყველა ძალიან ჩუმად იყო", - ამბობს ჯი იეონი - "მასწავლებლებსაც კი ბოტასები ეცვათ, რათა სიარულისას ფეხსაცმელს ხმა არ გამოეცა". 

ტესტების შედგენის პროცესი იდუმალებით არის მოცული. ყოველ წელს, სამხრეთ კორეის მასშტაბით ირჩევენ 500 მასწავლებელს და გასაიდუმლოებულ ადგილზე, განგვონის პროვინციაში მიჰყავთ. ერთი თვის მანძილზე ამ მასწავლებლებს ტელეფონი ჩამორთმეული აქვთ, ხოლო გარე სამყაროსთან კონტაქტი გაწყვეტილი.

იუნ სუჰი იხსენებს მის ჩინური ენის მასწავლებელს, რომელმაც კლასს უთხრა, რომ სპეციალურად იყო შერჩეული ტესტის შემდგენლად. 

"ამავდროულად, კოლეგებს უთხრა, რომ სამოგზაუროდ მიდიოდა. ის გასაიდუმლოებულ ადგილზე წაიყვანეს. ერთი თვის მანძილზე მას იმ ადგილის დატოვება და ოჯახთან კონტაქტიც არ შეეძლო", - ამბობს ის.

ჯინ იეონი ძალიან ნერვიულობდა გამოცდების გამო:

"ტესტი ძალიან რთული იყო. ბოლოს, კორეული ენის გამოცდაზე ვკანკალებდი, ბოლო კითხვის წაკითხვაც ვერ მოვახერხე". 

ოფიციალურად, ყველა მოსწავლის ინდივიდუალური ქულა ეროვნულ ვებსაიტზე ქვეყნდება, გამოცდიდან ერთ თვეში.

თუმცა, არაოფიციალურ ვებგვერდებზე შედეგები გამოცდებიდან მალევე ქვეყნდება. ამით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიგონ, მათი ქულა სცდება თუ არა სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის საჭირო მინიმუმს. 

ჯინ იანგმა ასე შეიტყო, რომ ჩაიჭრა. 

"როდესაც გავარკვიე, რომ ჩემი ქულა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე მჭირდებოდა. გული გამიტყდა. მინდოდა გავმქრალიყავი". 

მომდევნო წელს ჯინ იანგმა საჭირო ქულა მაინც მიიღო და უნივერსიტეტში ჩააბარა. 

სამხრეთ კორეაში უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში სტრესი ძალიან დიდია. ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მქონე ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს - სამი უმუშევრიდან ერთს უნივერსიტეტის ხარისხი აქვს. 

სამხრეთ კორეაში ბევრი ადამიანის მსგავსად, ენ სუ არა მხოლოდ კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებისკენ ესწრაფვის - მას სურს, SKY-ის სტუდენტი გახდეს. ეს სამხრეთ კორეის ჰარვარდი, იელი, ოქსფორდი და კემბრიჯია

სკოლადამთავრებულთა 70% სხვადასხვა უნივერსიტეტში აბარებს, თუმცა 2%-ზე ნაკლებს შეუძლია, სქაიში ისწავლოს. 

"ყველა იმის მიხედვით გაფასებს, რომელი უნივერსიტეტის დიპლომი გაქვს", - ამბობს ენ სუ. 

სწორედ სქაი დამთავრებული სტუდენტები ახერხებენ, იმუშაონ მაღალ თანამდებობებზე სამხრეთ კორეის იმ უმსხვილეს კომპანიებში, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას - LG, ჰიუნდაი, SK, LOTTE და სამსუნგი. 

მნიშვნელოვან უნივერსიტეტებში მოხვედრისთვის სკოლის განათლებაც მნიშვნელოვანია. ამის გამო მშობლები შვილების სასკოლო ეტაპზე თვეში ათასებს ხარჯავენ. 

მშობლებზე ზეწოლა დიდია. ნაკლები ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანების შვილები სხვებს ჩამორჩებიან. 

დოქტორი კიმ ტე ჰიუნგი, სეულის ერთ-ერთი სკოლის ფსიქოლოგი ამბობს, რომ კორეელი ბავშვები იძულებულები არიან, ბევრი იშრომონ და მეგობრებს კონკურენცია გაუწიონ.  

"ისინი მარტო იზრდებიან, მხოლოდ სწავლობენ. ამ ტიპის იზოლაცია მათში დეპრესიას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სუიციდისკენ უბიძგებთ". 


ფოტო: ხიდი სეულში. წარწერები აქ მოსულ ადამიანებს მოუწოდებს, არ მოიკლან თავი, რადგან ცხოვრება მშვენიერია.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში პირველია 10-დან 30 წლამდე ასაკის ადამიანების თვითმკვლელობის რიცხვით. ასევე პირველია 11-დან 15 წლამდე ადამიანებში სტრესის დონით.  

დოქტორი კიმი ამბობს: "აქ ადამიანები მომავალზე ნერვიულობას დაწყებითი განათლების ეტაპზევე იწყებენ. პირველივე კლასში იმაზე საუბრობენ, თუ რომელ საქმიანობაში გადაუხდიან ყველაზე მეტს". 

პროფესორი ლი კი ფიქრობს, რომ ერის ობსესია საგანმანათლებლო მიღწევების მიმართ და ამასთან, მზარდი უმუშევრობა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც კორეაში ახალგაზრდები იტანჯებიან. 

"მე ვფიქრობ, რომ უფსკრული, რომელიც არსებობს დასაქმების შესაძლებლობებსა და წარმატებასთან დაკავშირებით სტუდენტების მოლოდინებს შორის, სუიციდის მაღალი მაჩვენებლის მთავარი გამომწვევი მიზეზია", - ამბობს ის. 

ბევრი ექსპერტი კი ფიქრობს, რომ განათლებასთან დაკავშირებული ზეწოლა ამის ერთადერთი მიზეზი არ არის და ამას ოჯახების ტრადიციული სტრუქტურაც განაპირობებს. 

ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობის მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სარეკლამო კამპანიები გააუმჯობესოს, თუმცა, ამას შედეგი არ მოაქვს. 

კომენტარები