POG: ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება

საქართველოს პროკურატურა

დღეს პროკურატურაში უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთი წარმომადგენელი.

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება.

მისი თქმით, ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე ფაქტობრივად იმეორებდნენ მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით მათ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

გულუაშვილის თქმით, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ, საგამოძიებო უწყება მზად არის ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება.

"არც ერთი მათგანი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და არ აწვდით მათ ინფორმაციას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით”,- ამბობს პროკურორი.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ დასახელებული გაუმჟღავნებლობის მიზეზი არ არის შესაბამისობაში სსსკ-ს რომელიც არის სახელმძღვანელო ნორმატიული აქტი გამოძიების ეტაპზე.

„ ამ აქტის 50-ე მუხლის თანახმად, არის განსაზღვრული კონკრეტულ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც თავისუფლდებიან სამართალდამცავ ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორები ამ ჩამონათვალში არ არიან მითითებულები, შესაბამისად აღნიშნული პირები არ თავისუფლდებიან ამგვარი ვალდებულებისაგან",- აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამმშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ რაიმე სახის თათბირს, რომელზედაც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.

„რაც შეეხება სერვისების განვითარების სააგენტოს თავმდჯომარეს, როგორც NGO-ების დირექტორებმა დააფიქსირეს, თათბირი, რომელზედაც ისინი საუბრობენ, რომელზედაც თითქოს მოხდა უკანონო ბრძანების გაცემა, დაახლოებით განხორციელდა 5 ნოემრბიდან 11 ნოემბრამდე პირობებში. როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის ჩვენებიდან ირკვევა, და ეს ასევე დასტურდება საზღვრის კვეთის მონაცემებით, ეს პირი საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდში არ იმყოფებოდა, შესაბამისად იგი ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას საქართველოში გამართულ თათბირში“,- განაცხადა ამირან გულუაშვილმა

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ირმა პავლიავშილი და მიხეილ ბენიძე, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სოსო გიორგაძე და ბეჟან ობგაიძე გამოიკითხნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. ამ საქმეზე საგანგებო თათბირიც ჩატარდა. 

როგორც მათ თქვეს, წყაროს ცნობით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

არასამთავრობოების ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება). 

კომენტარები