წულუკიანი ყალბ პირადობებზე: 3 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში

თეა წულუკიანი
ტაბულა

ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება. წულუკიანის თქმით, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია "გამოჭერილი იქნა ტყუილში". წულუკიანი ფიქრობს რომ სამოქალაქო სექტორმა ეს დავალება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში. საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს ნაციონალური მოძრაობიდან. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი." - ამბობს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ამ ამბის გამავრცელებელი წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს ის იტყუება. იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ მსგავსი ტყუილი აზიანებს ქვეყანას. 

„ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის. რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა. ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებდა არჩევნებს, როდესაც შენ ამ ინსტიტუტებს ურტყამ ტყუილით, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას.“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საიამ, TI-მ და ISFED-მა ორი დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათი წყაროს ცნობით, მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. ამ საქმეზე საგანგებო თათბირიც ჩატარდა. 

როგორც მათ თქვეს, წყაროს ცნობით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

არასამთავრობოების ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება). 

კომენტარები