ხორავას ქუჩის საქმე

მერია: ნაძვის ხისთვის ადგილის შეცვლის შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებთ

თბილისის მერია

თბილისის მერიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საახალწლო ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა შეიცვალოს და ის პარლამენტის შენობის ნაცვლად სხვაგან დაიდგას.

უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"არ არის სწორი ინფორმაცია. არ ადასტურებს თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციას. არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჯერ ადრეა და როგორც მერმა თქვა, როცა ამის განხილვის დრო დადგება, მერია მოსახლეობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა უწყება ნაძვის ხისთვის ადგილის შესვლას, პრესსამსახურში პასუხობენ რომ ვერაფერს იტყვიან, რადგან საკითხი ჯერ არ განხილულა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის გამზირის ნაცვლად შეიძლება სხვაგან განთავსდეს, სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს, შეცვალონ აქციის ადგილი. ზაზა სარალიძის თქმით, მან 1 ნოემბერს მიმართა მერიას აქციის გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ კი მიიღო წერილი, რომ 7 დეკემბრიდან ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. სარალიძე ამბობს, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებს.

რამდენიმე წუთის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მხარდასაჭერად პეტიციაც შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს". ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ.

"რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე" - წერია პეტიციაში.

კომენტარები