მკვლელობა ხადას ხეობაში

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცა. განჩინება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ნაფიც მსაჯულებს 2018 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე, გორის რაიონულ სასამართლოში შეარჩევენ. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა თავად მალხაზ კობაურმა მოითხოვა.

სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო - კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა.

9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არა მხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.

კომენტარები