სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუს: ხელყუმბარაზე არის მაჩალიკაშვილის დნმ და ანაბეჭდი, რომელიც შედარებისთვის უვარგისია

reginfo,ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე არის მისი დნმ-ი და თითის ანაბეჭდი, თუმცა ის შედარებისთვის უვარგისია.

ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა, რომელიც გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი საფლავზე იმყოფებოდა.

"ექსპერტიზა გაგცემთ უფრო ამომწურავ პასუხს, მე არ ვარ ექსპერტი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამოდის დნმ-ი და თითის ანაბეჭდი იყო, თუმცა ეს იყო უვარგისი, რაც ჩემთვის ცნობილია. როდესაც ხდება თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი რომ მოხდეს დადარება სხვა თითის ანაბეჭდთან. ჩემთვის როგორც ცნობილია არ აღმოჩნდა ვარგისიანი. სხვადასხვა ეფექტები აქვს ამ ანაბეჭდს და მე დეტალებში ვერ შევალ ნამდვილად, არ ვარ ექსპერტი", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ მაჩალიკაშვილები სუს-ს ხელყუმბარის ჩადებაში ადანაშაულებენ, გომელაური პასუხობს, რომ საქმეში უამრავი მტკიცებულებაა.

"თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ვიტყვით, რომ კი, ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა იყო, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და ახლა მე ვერ ვიტყვი ღიად, მე არ შემიძლია ბევრი რაღაცის საუბარი, თუმცა ძალიან მინდა, რომ დეტალები მოვყვე.

ერთ რაღაცას გეტყვით, მომისმინეთ - ამ თემაზე მარტო კადრები არ არის, იქ არის უამრავი მასალა. უამრავი მტკიცებულებაა, ტელეფონის ზარები, კონტაქტები, მისი აღებული ნომრები და უამრავი რაღაცაა კიდევ, რომელზეც ვერ ვსაუბრობ ღიად. გამოძიება დამთავრდება და ეს გასაჯაროვდება ალბათ", - აღნიშნავს სუს-ის უფროსი.

ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე განმარტავს, რომ ხელყუმბარიდან ამოსული დნმ-ი თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ს ემთხვევა, ხოლო თითის ანაბეჭდები შედარებისთვის უვარგისია.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ხელყუმბარიდან ნიმუშები რაც ამოვიდა, არის მაჩალიკაშვილის დნმ-ი. ამოსულია აგრეთვე თითის კვალი, რომელიც უვარგისია შედარებისთვის და პირის იდენტიფიცირება ამიტომ ვერ ხერხდება, თორემ დნმ-ის ბიოლოგიური მასალა, რაც ამოვიდა, ემთხვევა მაჩალიკაშვილის დნმ-ის პროფილს", - აღნიშნავს ის.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებიდან, რა დროსაც აჰმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ლიკვიდაცია მოხდა, ერთი წელი გავიდა.

ირაკლი ჩიმაკაძემ დღეს თქვა, რომ ჩატაევი საქართველოში არალეგალურად შემოვიდა და დაახლოებით 20 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

კომენტარები