გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი

გიორგი ჩაკვეტაძით რომის "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარეა დაინტერესებული

GFF.GE

რომის "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე იანვრის სატრანსფერო სეზონში გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაზე ფიქრობს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა cittaceleste.it-ი წერს. 

იგლი ტარეს ალბანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ის ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს. დღეს უკვე "ლაციოს" სპორტული დირექტორი 19 წლის ქართველის თამაშით აღტაცებულია და მის გადაბირებას გეგმავს.

"ჩაკვეტაძემ ერთა ლიგაში გაიბრწყინა და 4 გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც მიითვალა. ის მარჯვენა ფეხს ჩინებულად ფლობს. ქართველი პლეიმეიკერადაა დაბადებული, მაგრამ ფლანგზე და მეორე თავდამსხმელად თამაშიც შეუძლია. ჩაკვეტაძეს მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, რითაც "ბარსელონას", "ბაიერნს", "დორტმუნდს", "ტოტენჰემსა" და "რომას" იზიდავს. "გენტს" ქართველში მილიონნახევარი ევრო აქვს გადახდილი, ახლა კი, მისი ფასი 13 მილიონამდეა გაზრდილი.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და კლუბი მის გახანგრძლივებას აქტიურად ცდილობს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის გადასაწყვეტია, გააკეთებს თუ არა დიდ კარიერულ ნახტომს. იგლი ტარე სიტუაციას დეტალურად სწავლობს და პერსპექტიული ტრანსფერის მოლოდინშია", - წერს cittaceleste.it-ი

შეგახსენებთ, რომ ანდორასა და საქართველოში გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს კატალონიის "ბარსელონას" სკაუტები დაესწრნენ.

კომენტარები