ყალბი პირადობების საქმეზე, TI-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გამოკითხავენ

საქართველოს პროკურატურა

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დღეს  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი გამოიკითხება. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს „საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირქტორის მოადგილე გიორგი ონიანი გამოიკითხება. აღნიშნულ საქმეზე უწყებაში უკვე გამოკითხეს „საერთაშრისო გამჭვრივალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები. გამოკითხვის შემდეგ უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობორბის წარმომადგენლებმა გამოძიების ინტერესების საზიანოდ, უარი თქვეს ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე.  

"პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვისას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვერ დაასახელეს სად და ვის მიერ იქნა გამართული თათბირი, სადაც, მათი ინფორმაცით გაიცა შესაძლო უკანონო დავალება. ისინი ფაქტობრივად იმეორებდნენ საჯაროდ გავრცელებულ ტექსტს და რაიმე კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამასთან, ყველა მათგანს განემარტა, რომ თუ ისინი ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა რაიმე საფრთხე დაემუქროს პირს, რომელსაც ისინი თავიანთ წყაროს ასახელებენ, საგამოძიებო უწყება მზად არის ეს პიროვნება ჩართოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოება. რაც შეეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამმშრომლებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ მიუთითეს, მათ აღნიშნეს,რომ რაიმე სახის თათბირს, რომელზეც შესაძლოა გაცემული ყოფილიყო მსგავსი უკანონო ბრძანებები, ადგილი არ ჰქონია, სერვისების განვითაების სააგენტოს თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე ხელმძღვანელობენ. ამ საქმეზე საგანგებო თათბირიც ჩატარდა. 

როგორც მათ თქვეს, წყაროს ცნობით, გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. „კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.

არასამთავრობოების ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება). 

კომენტარები