არჩევნები 2018

ზურაბიშვილმა მეორე ტურისთვის 3 მლნ-მდე შემოწირულობა მიიღო, ენმ-მ ნახევარი მილიონი

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური შემდეგ, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს თითქმის სამი მილიონი შესწირეს. უფრო ზუსტად კი, სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობებმა 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით 2 მილიონ 919 ათას 704 ლარი შეადგინა.

ნახევარ მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღო მმართველმა პარტიამ. "ქართულ ოცნებას" ამავე პერიოდში 628 ათას 20 შესწირეს.

რაც შეეხება ზურაბიშვილის კონკურენტს, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა პოლიტიკური შემოწირულობების სახით თითქმის ნახევარი მილიონი მიიღო.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 524 ათას 599 ლარი შესწირეს, გრიგოლ ვაშაძის კიდევ ერთ მხარდამჭერ პარტიას - "ახალ საქართველოს" კი 11 ათასი.

რაც შეეხება ყველაზე მსხვილ შემომწირველებს, სალომე ზურაბიშვილისთვის იურიდიული პირების მხრიდან დასაშვები შემოწირულობის მაქსიმუმი, 120 ათასი ლარი ამჯერად არ შეუწირავთ. რამდენიმე კომპანიამ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის კამპანიისთვის 100 ათასი ლარი გადარიცხა. ესენი არიან: შპს თანა, მილადა ინტერნეშინელ, გაგრა+

რაც შეეხება ფიზიკური პირებისთვის დასაშვებ მაქსიმალურ შემოწირულობას, 60 ათას ლარს, ეს თანხა ზურაბიშვილს სხვადასხვა შპს-ს დამფუძნებლებმა თუ პარტნიორებმა შესწირეს.

პოლიტიკური შემოწირულობების მაქსიმალური დასაშვები თანხები მიიღო სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერმა პარტიამ. "ქართულ ოცნებას" 120 ათასი ლარი ორმა კომპანიამ ჩაურიცხა: ალკოჰოლური სასმელების ქარხანა და ​პისი მაქსი.

რაც შეეხება ფიზიკური პირებისთვის დასაშვებ მაქსიმალურ თანხას, მმართველი პარტიის ანგარიშზე 60 ათასი ლარი კობა ღურწკაიამ ჩარიცხა. ის იმ კომპანიის მფლობელია, რომელმაც გასულ წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საქართველოში ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. ღურწკაიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოს და რუსეთის. ბიზნესმენი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის, "სი ბი ეს ჯგუფის" გენერალური დირექტორია და მასში შემავალი კომპანიების მართვაშიც მონაწილეობს. ჰოლდინგის მართვაში კი ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები შედიან: კავკასუს ონლაინი, შპს მობიტელი (ბილაინი), თბილისის მიკროავტობუსი, სასტუმრო ინტურისტი, რკინიგზის ტელეკომი, სარეკლამო კომპანია ელეფანთი და სხვები. აღსანიშნავია, რომ კობა ღურწკაიამ "ქართულ ოცნებას" თანხა შესწირა 2016 და 2017 წელსაც, ასევე 60 ათასი ლარი.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის პერიოდში შემოწირულობა არც ერთი იურიდიული პირისგან არ მიუღია. ფიზიკურ პირებს შორის ენმ-ს მაქსიმალური თანხა, 60 ათასი ლარი შესწირეს: დავით იმედაშვილმა, ზაზა ბიბილაშვილმა და ლია გრინმა.

პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ 19 ნოემბრამდე არსებული ინფორმაცია აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობები განსაკუთრებით ოქტომბრიდან გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს მას დაუჭერდა. როგორც აღმოჩნდა, მისი შემოწირულობები ოპონენტებისას მეორე ტურისთვისაც აღემატება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება.

კომენტარები