დემონსტრაციები პარიზში

მაკრონი: სირცხვილი მოძალადე დემონსტრანტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო დემონსტრანტები, რომლებიც პროტესტის დროს პოლიციას დაუპირისპირდნენ.

"სირცხვილი მას, ვინც თავს დაესხა ოფიცრებს. საფრანგეთის რესპუბლიკაში არაა ძალადობის ადგილი" - დაწერა მაკრონმა თვითერზე.

შაბათს, პარიზში, შანზ-ელიზეზე ქაოსი იყო. მომიტინგეები ცეცხლს ანთებდნენ, საგზაო ნიშნებს გლეჯდნენ, ბარიკადებს აწყობდნენ და პოლიციას ქვებს ესროდნენ. პოლიციამ მომიტინგეების  დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებს "ყვითელი ჟილეტის მოძრაობას" უწოდებენ, ისინი თავდაპირველად დიზელის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ, რაც შემდეგ საცხოვრებელი ფასების ზრდის, ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის არსებული უთანასწორობის და მაკრონის პოლიტიკის მიმართ ზოგად უკმაყოფილებაში გადაიზარდა.

შაბათს პროტესტში მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა 1 600-მდე ადგილას მიიღო. უმეტესობა მათგანი მშვიდობიანად დაიშალა, დედაქალაქის გარდა, სადაც შეტაკებებში 19 ადამიანი დაშავდა, ოთხი ოფიცრის ჩათვლით. დაპატიმრებულია ორმოცი ადამიანი.  საფრანგეთის დედაქალაქში სულ 8000 დემონსტრანტი შეიკრიბა. 

პროტესტის მასშტაბი წინა კვირასთან შედარებით მცირე იყო. გასულ შაბათს, მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 280 000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო - ორი ადამიანი მოკვდა და 600-ზე მეტი დაშავდა.

დიზელის ფასი საფრანგეთში ბოლო 12 თვეში 23%-ით გაიზარდა და 2000-იანების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მაკრონის მთავრობამ ნახშიწყალბადის გადასახადი ლიტრ დიზელზე 7 ცენტით გაზარდა, ხოლო ბენზინზე 3.9 ცენტით. პრეზიდენტი ფასის მატების სამ მეოთხედს მსოფლიოში ნავთობის ფასის მატებას აბრალებს, ის ასევე ამბობს, რომ ნავთობის გადასახადი აუცილებელია განახლებადი ენერგიაში ინვესტიციების დასაფინანსებლად. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ქრისტოფ კასტანერი ამბობს, რომ დემონსტრანტებზე გავლენას ახდენს ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი. 

კომენტარები