უკრაინა-რუსეთი

ზალკალიანი: უკრაინის გემებზე იერიში ხელყოფს მთელი რეგიონის უსაფრთხოებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნა საზღვაო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- წერს ზალკალიანი Twitter-ზე.

 

ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევში რუსეთის საელჩოს წინ 150-მდე ადამიანმა აქცია გამართა. დაიწვა სულ მცირე ერთი მანქანა.

კომენტარები