რუსეთი-უკრაინა

კარასინი: ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა

ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი კიევის პროვოკაციაა- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრეგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" მიცემულ ინტერვიუში თქვა. 

"სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა. უკრაინელების პროვოკაცია ქერჩის სრუტეში მიზანმიმართულია დასავლეთში ანტირუსული განწყობების მობილიზებისთვის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებისთვის"- ამბობს კარასინი. 

მისი თქმით, ეს ქმედებები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდობუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.

ასევე, უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

კომენტარები