ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს პარტია სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ყველა წევრმა დატოვა და ტელეკომპანია იმედს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს განცხადება პარტიის წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ გააკეთა. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ადამიანების მოსყიდვის გზით, ცდილობს შექმნას ეფექტი, რომ ევროპულ საქართველოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის წევრები ტოვებენ, რაც სიცრუეა.

"როგორც იცით, პირველი ტურის დასრულების შემდეგ ხელისუფლებამ წამოიწყო სრულიად სამარცხვინო კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით, როდესაც ისინი მოსყიდვის გზით ესაუბრებიან ევროპული საქართველოს წევრებს, აქტივისტებს და სთხოვენ მათ გააკეთონ ისეთი განცხადებები, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე მათგანის მხრიდან. აქ არ არი ცოტა თანხაზე საუბარი, ბევრზეა. სამწუხაროა, რომ მათ ამ სიცრუის გავრცელებაში ეხმარება, მათი მხარდამჭერი ტელევიზია იმედი და სხვა მედიებიც მათ შორის. მემგონი ამაში დასამალი არაფერი არის, რომ ტელეკომპანია იმედი ქართული ოცნების და კონკრეტულად მათი კანდიდატის ძალიან აქტიური მხარდამჭერია ამ არჩევნებში. თავისთავად იმასთან, რომ ამ ტელეკომპანიას ჰქონდეს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, შეუძლებელია რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია ჰქონდეს, ეს ტელეკომპანიების უფლებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს გვაქვს საქმე არა სარედაქციო პოლიტიკასთან, არა პოლიტიკურ შეხედულებებთან, უბრალოდ საქმე გვაქვს ყალბი ახალი ამბების გავრცელებასთან." - ამბობს კიკნაველიძე.

კიკნაველიძის თქმითვე, გუშინ სამტრედიაში გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ევროპული საქართველოს წევრი და პარტია მხოლოდ ერთმა წევრმა დატოვა. პარტიაში აპირებენ, რომ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართონ.

"მაგალითად, რომ ავიღოთ გუშინდელი ამბავი, არა მარტო ტელეკომპანია იმედის , მაგრამ განსაკუთრებით მათ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს 150-მდე ადამიანმა დატოვა სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია და დღეს ევროპული საქართველოს სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია აღარ არსებობს. ეს ამბავი მცირედი დაინტერესების შემთხვევაში ადვილად გადამოწმებადი იყო, რადგან გუშინ გამართულ ბრიფინგზე იქ მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ ერთი იყო ევროპული საქართველოს წევრი და დანარჩენი ყველა მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი და გამოვიდა ისე, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ევროპული საქართველოს დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება. სამწუხაროა, რომ ამ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედმა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რადგან გვგონია, რომ ასე მოქცევა სწორედ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება." - თქვა კიკნაველიძემ. 

გუშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ევროპული საქართველოს სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია სრულმა შემადგენლობამ დატოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები