ადამიანები და ცხოველები

უელსში ზარმაცების მოხუცთა თავშესაფარი გაიხსნა

ზარმაცა

უელსში, ქალაქ პემბროკშირის ზოოპარკმა მოხუცებული ზარმაცებისთვის თავშესაფარი გახსნა. ზოოპარკს ორი ახალი ბინადარი ჰყავს, 24 წლის ტუპი და 34 წლის ლაითკეპი, რომელიც ევროპის ზოოპარკების მეხუთე ყველაზე მოხუცი ზარმაცაა.

თავშესაფრის გახსნის მიზანია სხვა ზოოპარკებში ახალგაზრდა, შეწყვილების პერიოდში მყოფი ზარმაცებისთვის ადგილების გათავისუფლება. 

ზარმაცები სოციალური ცხოველები არიან, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 20 წელია, ზოოპარკებში ისინი 50 წლამდე ცოცხლობენ და 8 კილოგრამის წონას აღწევენ. 

"ბუნების კონსერვაცია მთავარია, შეჯვარების პროგრამები ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მოხუცი ცხოველები ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მათ კარგად უვლიან. მოხუცი ზარმაცებისთვის ჩვენ ვხარშავთ ბოსტნეულს, რათა უფრო მარტივი დასაღეჭი იყოს და ასევე ვაძლევთ დიეტურ დანამატებს და ასევე შევამცირეთ ტოტების სიგრძე, რომ მათ აცოცება გაუადვილდეთ." - ამბობს ზოოპარკის კურატორი ტიმ მორფიუ. 

კომენტარები