უკრაინა-რუსეთი

ნიკი ჰეილი: რუსეთის აროგანტული აქტი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს

EPA

აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ დაგმო რუსეთი "უკრაინის სუვერენული ტერიტორიების აღმაშფოთებელი დარღვევის გამო". 

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ჰეილიმ რუსეთის ქმედებას "აროგანტული აქტი" უწოდა, "რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს".

გაეროს უშიშროების საბჭოზე საუბრისას, რომლის გამართვაც როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ მოითხოვეს, ჰეილიმ თქვა, რომ აშშ მიესალმება რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას, თუმცა, უკრაინაში მომხდარის მსგავსი უკანონო მოქმედებები ამას შეუძლებელს ხდის. 

"აშშ შეინარჩუნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომელიც მას ყირიმში ქმედებების გამო დაეკისრა. მართლაც, ამგვარი შემდგომი რუსული ესკალაცია მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს". 

რუსეთმა სამ უკრაინულ გემს მოძრაობა შეუზღუდა მაშინ, როდესაც ისინი ქერჩს სრუტეში, შავ ზღვაში ოდესიდან მარიუპოლში, აზოვის ზღვაში მიცურავდნენ. რუსებმა გახსნეს ცეცხლი გემების მიმართულებით, დაჭრილია  მეზღვაური. გემები და 23 მეზღვაური ახლაც რუსეთის მიერ არის დაკავებული. 

უკრაინელებმა სხდომაზე თქვეს, რომ მოსკოვი შესაძლოა აგრესიის აქტებს კვლავ გეგმავდეს, მათ შორის უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას. რუსეთმა, თავის მხრივ, უკრაინა დაძაბულობის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა გემებმა რუსების მოწოდებებს, შეეჩერებინათ გემი, ყურადღება არ მიაქციეს. მისივე თქმით, მათ უკანონოდ გადალახეს რუსეთის საზღვარი. 

პოლიანსკის თქმით, ამას ისინი რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევენ.

თავის მხრივ, უკრაინის ელჩმა გაეროში, ვოლოდიმირ იელჩენკომ პოლიანსკის ამ განცხადებას აშკარა სიცრუე უწოდა და უშიშროების საბჭოს რუსეთის წინააღმეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. 

"ეს ერთადერთი გზაა, იმიტომ რომ რუსეთს სხვა ენა არ ესმის", - თქვა მან. 

ამის შემდეგ საბჭოს სხდომაზე საუბარი რუსეთის 2014 წლის ქმედებების შესახებ გაგრძელდა - ამ წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მხარი დაუჭირა ჯგუფებს, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტული ე.წ მთავრობები შექმნეს. აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. 

"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუსეთის ქმედებების სტილია. ის, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უგუნური ესკალაციაა", - თქვა ჰეილიმ. 

პარალელურად კი სხდომა მიმდინარეობდა უკრაინის უმაღლეს რადაში. პარლამენტმა იმსჯელა, შემდეგ კი მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადებას ქვეყანაში სამხედრო-საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

კომენტარები